დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 06:30
    ნაფიც მსაჯულთა კორპუსის ფორმირების წესი იცვლება

    ნაფიც მსაჯულთა კორპუსის ფორმირების წესი იცვლება

    05-06-2021 00:03

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ სასამართლოს წარუდგენს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ ინფორმაციათა ერთობლიობას, რომლითაც დადასტურდება, რომ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი კონკრეტულ პერიოდში და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


    კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ახალი ჩანაწერით მკაცრდება პირობა, რის გამოც პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე.
    მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევა არ შეფერხდეს და დროში არ გაჭიანურდეს, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე სავალდებულო წესით დაინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მას ჩაანაცვლებს და შერჩევის პროცესი გაგრძელდება.

    ასევე, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით, ნაცვლად 150 პირისა, როგორც ეს ამჟამად მოქმედი ნორმით არის გათვალისწინებული.
    მათივე ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხსაც, კერძოდ: ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ან ნაფიცი მსაჯულის საპატიო მიზეზის გარეშე, განსაზღვრულ დროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას, აგრეთვე, მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას სხდომის თავმჯდომარე სავალდებულო წესით განიხილავს და აღნიშნული გარემოების/გარემოებების დადგენის შემთხვევაში ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს ან ნაფიც მსაჯულს განკარგულებით დააკისრებს ჯარიმას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით.
    ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას. მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მიღებული განკარგულების ერთჯერადად გასაჩივრება.

    FACEBOOK კომენტარები