დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    "რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე"

    "რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე"

    30-06-2021 13:30

    საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) ინიციატივითა და ორგანიზებით, რუსული ოკუპაციისადმი მოძღვნილი ფართომასშტაბიანი კამპანია -„რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ - მოძრავი გამოფენის სახით, საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, მარნეული, მცხეთა, გორი, ქუთაისი) გაიმართება.


    ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე 20 საუკეთესო ფოტოპოსტერი იქნება წარმოდგენილი. ისინი, ოკუპაციისადმი მიძღვნილი კონკურსის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქიდან მხატვარ-დიზაინერების მიერ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი 130-ზე მეტი ნამუშევრიდან ჟიურიმ ანონიმურად შეარჩია.

    „მოძრავი გამოფენის იდეა კონკურსის გამოცხადებასთან ერთად დაიბადა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ შემოსული ნამუშევრების რაოდენობა და ხარისხი კონკურსის დასრულების შემდეგ პროექტის გაგრძელების შესაძლებლობას მოგვცემდა. ამ მასშტაბური კამპანიის მიზანი ოკუპაციის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. დღეისთვის რუსული ოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს და ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ნებისმიერი ფორმით მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ GISP-ში.

    პირველი ღონისძიება თბილისში, დედაენის ბაღში 4 ივლისს, 13:00-დან - 19:00-მდე გაიმართება. მას კოსტიუმირებული მსახიობი უმასპინძლებს, რომელიც საზოგადოებას, კამპანიაში ჩართულობის მიზნით, გამოფენის დასათვალიერებლად მოიწვევს და მათ „შთაბეჭდილების ბანერზე“ ინდივიდუალური ემოციის გამოხატვას შესთავაზებს.
    კონკურსის - „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ გამარჯვებულების გამოვლენა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მოხდა, ავტორების დაჯილდოება სატელევიზიო ეთერში გადაიცა. გამოფენის ფორმატში, საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, ამ ღონისძიებაზე 10 საუკეთესო ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
    საბოლოოდ კი, რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი ეს უპრეცედენტო კამპანია სიმბოლურად, 2021 წლის 7 აგვისტოს, თბილისში დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.
    საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (GISP) 2019 წლის 10 სექტემბერს დაფუძნდა. ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მავნე გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ მიზნით, გასულ წელს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი „ცხინვალი 1920“. ეს ფილმი, ისტორიული დოკუმენტებითა და წყაროებით გამყარებული პასუხია კრემლისა და სეპარატისტული რეჟიმის მიერ ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობაზე.
    მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას GISP-ი მომავალშიც აპირებს.

    FACEBOOK კომენტარები