დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო

    პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო

    07-05-2021 20:54

    „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტი ვეტოს არ გამოიყენებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
    როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეთანხმება ოპოზიციის შენიშვნებს, თუმცა მიიჩნევს, კანონპროექტზე ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
    "ვეტოს გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებსაც. ამ კუთხით, ახალი ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა ვერც რომელიმე სამართლებრივი პრინციპის დარღვევად და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულებელყოფას.
    ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყოს.
    და ბოლოს ამ საკითხთან მიმართებაში როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმასაც, რომ სამართალდამცავი ორგანოები წარმოადგენენ იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელზეც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის წესრიგი და სტაბილურობა დგას, მათ მიმართ ელემენტარული პატივისცემა აუცილებელი სამოქალაქო ვალია, თუმცა ეს არ მიიღწევა მხოლოდ სანქციებით და ჯარიმებით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითაც," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    გადაწყვეტილება პრეზიდენტმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებთან, უმრავლესობის წევრებთან და მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრების შემდეგ მიიღო.

    საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მომზადებული ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ახლებურად ყალიბდება სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები (173-ე მუხლი). კანონპროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. კანონის დღემდე მოქმედი რედაქციით, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
    ამასთან, ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის ფაქტზე ფულადი ჯარიმები ორმაგდება (166-ე მუხლი). ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
    ასევე, იცვლება ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა და 48 საათიდან 24 საათამდე მცირდება.

    FACEBOOK კომენტარები