დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 04:19
    "მიხეილ სააკაშვილი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს გამოცდას უწყობს"

    "მიხეილ სააკაშვილი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს გამოცდას უწყობს"

    30-09-2021 17:47

    „უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა, რომელიც ვლადიმერ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ გაწეული დიდი ძალისხმევით იქნა აღდგენილი, ისევ საფრთხე ემუქრება: მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც კიევში პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის თანამდებობა აქვს დაკავებული, თბილისში ჩასასვლელად ემზადება.
     ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს მას განზრახული აქვს ოპოზიციასთან ერთად ამომრჩეველთა „ნების გამოხატვა დაიცვას“ და „მონაწილეობა მიიღოს საქართველოს გადარჩენაში“, - აღნიშნულია რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში (Независимая газета) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მიხეილ სააკაშვილი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს გამოცდას უწყობს//ვლადიმერ ზელენსკი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს, თუ თბილისში უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს დააპატიმრებენ“ (ავტორი - ტატიანა ივჟენკო).
     
    „მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში გამგზავრების განზრახვა ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში გააჟღერა. მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ქართულ დიასპორას გაერთიანებისაკენ მოუწოდა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მათზეა დამოკიდებული იქნება თუ არა პარლამენტის ვადამდელი არჩევნები. უკრაინის მოქალაქეობა მიღებული პოლიტიკოსი საკითხს უფრო ფართოდ აყენებს - „საქართველოს ბედი, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებაო“. ოპოზიციას იმედი აქვს, რომ რევანშს აიღებს, თუმცა, ექსპერტების აზრით, საეჭვოა მიხეილ სააკაშვილმა თავის სიტყვა შეასრულოს და საქართველოში დაბრუნდეს ოპოზიციის აქციებში პირადი მონაწილეობის მისაღებად.

    მას ადრეც ბევრჯერ უთქვამს, „სამშობლოში ვბრუნდებიო“, მაგრამ, დაპატიმრების შიშით, თბილისში არ ჩადიოდა“, - აღნიშნავს ავტორი.
     
    სტატიაში ციტირებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც, რომლის მიხედვით, „როგორც კი ყოფილი პრეზიდენტი ფეხს ქართულ მიწას დაადგამს, იგი იმავ წამს ციხეში იქნება გაგზავნილი... იგი რვა წლის განმავლობაში გვემუქრება, დავბრუნდებიო, მაგრამ ვერ ბრუნდება - იმიტომ, რომ მშიშარა და ლაჩარი კაცია“.
     
    „თუმცა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პირიქით დაამტკიცა: ოთხი წლის წინ მან, მომხრეებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, უკრაინა-პოლონეთის საზღვარი გაარღვია“, - აღნიშნავს ავტორი. იგი იხსენებს როგორც მიხეილ სააკაშვილისა და მისი „ძველი მეგობრის“ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ურთიერთობის მომენტებს - ოდესის გუბერნატორად დანიშვნას, უთანხმოების წარმოშობას, უკრაინიდან „ქართველი მეგობრის“ გაძევებას, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან - მოქალაქეობის აღდგენას, ახალ თანამდებობაზე დანიშვნას და ა.შ.
     
    როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს, მხოლოდ სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობა აქვს, მისმა დანიშვნამ ამ პოსტზეც კი საქართველოს ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია, ექს-პრეზიდენტის განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული,  საქმე ელჩის გაწვევამდეც კი მიიყვანა. საბოლოოდ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება უკრაინის სახელით განცხადების გაკეთების უფლება და თუ იგი რაიმეს იტყვის, ეს მხოლოდ მის კერძო აზრს წარმოადგენსო.
     
    სტატიაში საკმაოდ ფართოდაა გადმოცემული უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესი: მინისტრების შემრიგებლური განცხადებები, ქართველი ელჩის კიევში დაბრუნების ფაქტი, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ყოფნა ბათუმში („ასოცირებული ტრიოს“ შექმნის მიზნით), ურთიერთ მხარდაჭერის გამოხატვა პრობლემურ საკითხებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული უკრაინელი იახტსმენების გათავისუფლება და ბოლოს, მეგის ქარდავას ექსტრადირება საქართველოში.
     
    „ის საკმაოდ რთული გადაწყვეტილებები, რომელთა მიღება ორივე მხარეს მოუწია და ის რთული მოლაპარაკებები სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის აღდგენის თაობაზე, ახლა შეიძლება მსხვერპლად მიმდინარე პოლიტიკურ მომენტს შეეწიროს“, - ასეთ დასკვნას აკეთებს ავტორი სტატიის დასასრულს.


    წყარო

    FACEBOOK კომენტარები