დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:13
    "საქართველო ცდილობს მიტოვებულ გზაზე მარტო არ დარჩეს"

    "საქართველო ცდილობს მიტოვებულ გზაზე მარტო არ დარჩეს"

    13-05-2021 16:46

    რუსულმა გაზეთმა „კომერსანტ“-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საქართველო ცდილობს მიტოვებულ გზაზე მარტო არ დარჩეს: თბილისს სურს, რომ ორივესთვის - ბაქოსა და ერევნისათვის სასარგებლო იყოს“, რომელშიც აზერბაიჯანსა და სომხეთში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტებია განხილული.

    „ამ ვიზიტებისას შეიძლება შევამჩნიოთ თბილისის მთავარი მიზანი - შეინარჩუნოს თავისი როლი რეგიონში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნაწილობრივი მოგვარებისა და მოსალოდნელი ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის შემდეგ. საქართველო შიშობს, ვაითუ „სატრანზიტო ფუნქცია“ დაკარგოს სამხრეთკავკასიური გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე“, - აღნიშნავენ პუბლიკაციის ავტორები გიორგი დვალი (თბილისი), არშალუის მღდესიანი (ერევანი) და კირილ კრივოშეევი (მოსკოვი). 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო დღეებში ვიზიტები განახორციელა თბილისისთვის ორ მნიშვნელოვან სახელმწიფოში - უშუალო მეზობლებთან - აზერბაიჯანსა (5 მაისს) და სომხეთში - 12 მაისს.

    „კომერსანტ“-ის ჟურნალისტთან საუბარში საქართველოს ექს-სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი: „ჩვენი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ინიციატივას კარგავს, რადგან ის არ მონაწილეობს რუსულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ერთობლივ კომისიაში, რომელიც დღეს კომუნიკაციების გახსნის საკითხებზე მუშაობს“. საქმე იმაშია, რომ დღეისათვის, ამ ეტაპზე, ერთადერთ პერსპექტიულ სატრანზიტო მარშრუტს ე.წ. „მეგრის დერეფანი“ წარმოადგენს, რომელიც აზერბაიჯანს, სომხეთის ტერიტორიის გავლით, თავისსავე ავტონომიურ რესპუბლიკასთან - ანკლავ ნახიჩევანთან და თურქეთთან დააკავშირებს. „მეგრის დერეფანი“ სომხეთის სიუნიკის ოლქში მდებარეობს, რომელიც ამჟამად თითქმის „ცხელ წერტილს“ წარმოადგენს: ყარაბაღის ომის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენა (საბჭოთა რუკების მიხედვით) პრობლემებს აწყდება, ადგილობრივი სომხური მოსახლეობა აპროტესტებს იმას, რომ საზღვარი დასახლებულ პუნქტებს (სოფლებს) შუაზე ჭრის. 

    სომხეთის ხელისუფლება სიუნიკის (ან როგორც მას აზერბაიჯანელები უწოდებენ, ზანგეზურის) გავლით რკინიგზის აღდგენის პროექტს უკიდურესად ნეგატიურად უყურებენ: ერევანი თვლის, რომ ეს მხოლოდ ბაქოსთვის არის მომგებიანი: „გამორიცხულია, რომ მე ამ სატრანსპორტო დერეფნის საკითხი განვიხილო“, - ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ დღეებში „ზანგეზურის დერეფნის“ ამოქმედების საკითხს სომხეთის ვიცე-პრემიერმა მღერ გრიგორიანმა, რომელიც სატრანსპორტო კომუნიკაციების ამოქმედების მიზნით შექმნილ სამმხრივი კომისიის წევრს წარმოადგენს.
     
    აღსანიშნავია, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ერევანში ვიზიტის ფონზე სიუნიკში ინციდენტი მოხდა, რომელმაც პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა: „საზღვრების დაზუსტების“ საბაბით აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები სომხეთის ტერიტორიაზე ღრმად შევიდნენ, რამაც მოსახლეობის აღშფოტება გამოიწვია. კიდევ კარგი, რომ ინციდენტი სისხლისღვრის გარეშე დასრულდა. სხვათა შორის, „სიუნიკის სასაზღვრო პრობლემასთან“ დაკავშირებული საკითხი ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთა შეხვედრის დროს განიხილა.

    აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის, „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის ექსპერტის ფარხად მამედოვის აზრით, უახლოეს პერპსექტივაში საქართველოს გავლით გატარებული სატრანზიტო ტვირთების ნაკადი არ შეიცვლება და მოცულობა შენარჩუნდება: „კომუნიკაციების განბლოკვის ყველა პერსპექტივა საკმაოდ შორეულია. „ზანგეზურის დერეფნის“ სავარუდო რეალიზება შეიძლება სამ-ოთხ წელიწადში მოხდეს“, - ამბობს ექსპერტი „კომერსანტ“-ის კორესპონდენტთან საუბარში და იხსენებს, რომ ამას წინათ საკონტეინერო მატარებელმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, თურქეთიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, რუსეთის ცენტრში ტვირთი ჩაიტანა, ანუ სარკინიგზო მიმოსვლა თურქეთს და რუსეთს შორის, „ზანგეზურის დერეფნის“ გარეშეც, უკვე აწყობილად შეიძლება მივიჩნიოთ.

    თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორის თორნიკე შარაშენიძეც დარწმუნებულია, რომ თურქეთ-სომხეთ-აზერბაიჯანის ტრანზიტის სავარაუდო გახსნასთან დაკავშირებით საფრთხე საქართველოსთვის ძალიან გადაჭარბებულია: „ახალი მარშრუტების აწყობისა და ძველის აღდგენისათვის მნიშვნელოვანი დრო და სახსრებია საჭირო“, - ამბობს იგი, - „ამასთან, თუ აზერბაიჯანი ნახიჩევანთან და თურქეთთან დაკავშირებას მოახერხებს, აღდგენილი რკინიგზა აზერბაიჯანის მოთხოვნილებებს მაინც ვერ დააკმაყოფილებს. ამ მხრივ ბათუმისა და ფოთის პორტების მნიშვნელობა უნიკალურია, საიდანაც ტვირთები მსოფლიოს ყოველ კუთხეში შეიძლება გაიგზავნოს“.

    თავის მხრივ, პაატა ზაქარეიშვილიც ეთანხმება იმ აზრს, რომ „ახალი მარშრუტების გახსნის შემდეგ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრული ნიველირება  არ მოხდება“, მაგრამ „აშკარად ჩანს, რომ ქვეყანა ასე თუ ისე მაინც დაკარგავს მნიშვნელოვან რესურსებს საკუთარი ხელისუფლების დაუდევრობის გამო“.

    მოამზადა სიმონ კილაძემ

    FACEBOOK კომენტარები