დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    „ლელომ“ ცესკო-ში წევრი წარადგინა

    „ლელომ“ ცესკო-ში წევრი წარადგინა

    20-05-2021 12:33

    ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ცესკო-ში წევრი გიორგი სიორიძე წარადგინა. როგორც მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა.
    „ჩვენ, როგორც ოპოზიციურ ფრაქციას გვაქვს საშუალება, წარვადგინოთ ცესკო-ს წევრად ბატონი გიორგი სიორიძე. გამორჩეული ერუდიციის ადამიანი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში, უშუალო მონაწილეა და შეიძლება ითქვას, თანაავტორიც. მთლიანობაში უნდა ვთქვათ, რომ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების პუნქტები ძირითადად ასახულია იმ დოკუმენტში, რომელიც მომზადდა და მეტ-ნაკლებად შეჯერდა პარტიების მიერ. რჩება ეუთო/ოდირის რიგი რეკომენდაციები, ასევე ჩვენი დამატებითი რეკომენდაციები, რომელიც იმედი გვაქვს, რომ განხილული იქნება. ასევე მომზადებულია არასაპარლამენტო პარტიების მიერ ცვლილებების პაკეტი, რომელიც ასევე უნდა იყოს განხილული. მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმება ძირითადად არის ასახული იმ პროექტში, რომელზეც ორშაბათს შევჯერდით და რომელიც ალბათ, გაიგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნისა და შეფასების მისაღებად. ამ ყველაფერს ჩვენ ვუყურებთ, როგორც მთლიანი პაკეტის ნაწილს, რადგან ერთია თვითონ კანონში ცვლილებები და მეორე, ადამიანები, რომლებმაც ამ ცვლილებების ცხოვრებაში განხორციელება უნდა უზრუნველყონ. მნიშვნელოვანია, რომ ცესკო დაკომპლექტებული იყოს მაღალკვალიფიციური პიროვნებით. სწორედ ასეთია გიორგი სიორიძე, რომელმაც გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვანი განათლება მიიღო“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
    როგორც თავის მხრივ გიორგი სიორიძემ აღნიშნა, „ლელო“ იღებს პასუხისმგებლობას, საარჩევნო ადმინისტრაცია გარდაიქმნას ისე, როგორც ეს დემოკრატიულ სტანდარტს შეესაბამება.
    „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია გავხდე ცესკო-ს, ამ საკონსტიტუციო ორგანოსა და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის წევრი. ამავდროულად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთია, ვიყო პირველი ოპოზიციური და კრიტიკული ხმა ამ სრულად დისკრედიტირებულ საარჩევნო ადმინისტრაციაში. „ლელო“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გარდაიქმნას ისე, როგორც ეს შესაბამება დემოკრატიულ სტანდარტს, აღდგეს საზოგადოების ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ და ამის ნათელი დადასტურება გახლავთ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალიწინებული ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომლის სამუშაო ჯგუფის წევრიც გახლდით. მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობიდან ცესკო-ში წავალ, ჩემი პირველი პრიორიტეტი იქნება იმ მომენტამდე, სანამ ეს რეფორმა კანონად იქცევა, სანამ ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი წევრებით შეივსება ახალი ცესკო, შიგნიდან მოვახდინო იმ პროცესის მონიტორინგი, სადაც „ქართულ ოცნებას“ სრული იდილია აქვს მოწყობილი და ცდილობს, რომ გადავიდეს უკვე ახალ რეჟიმზე. მოგეხსენებათ, ცესკო-ს აქვს ძალიან დიდი ინსტიტუციური მეხსიერება და გამოცდილება, შესაბამისად, მანიპულაციებისა და გადაცდომების ხერხები ძალიან დახვეწილია, ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ში ოპოზიციური წევრი იყოს“,-განაცხადა სიორიძემ.
    გიორგი სიორიძე კონსტიტუციონალისტი და „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე პარტიის იურიდიული სამსახურის უფროსია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს იყრიდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში. არის შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრი და რეფორმის ერთ-ერთი თანაავტორი.

    FACEBOOK კომენტარები