დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 05:05
    სამების საკათედრო ტაძარში გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

    სამების საკათედრო ტაძარში გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

    23-05-2021 12:40

    სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
    გენერლის ნეშტი საქართველოში საფრანგეთიდან 22 მაისს  ჩამოასვენეს. მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
    ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად, 22 მაისს ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
    გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.
    ეროვნული გმირის საქართველოში ჩამოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო.

    FACEBOOK კომენტარები