დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    ვაქცინების საკითხზე თანამშრომლობის ხელშეწყობით, ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას ახალი თავი შეემატება - ჩინეთის ელჩი

    ვაქცინების საკითხზე თანამშრომლობის ხელშეწყობით, ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას ახალი თავი შეემატება - ჩინეთის ელჩი

    25-05-2021 16:09

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ლი იენი ვაქცინაციის კუთხით საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას ვრცელ სტატიას უძღვნის.
    როგორც ჩინეთის  ელჩი წერს, ჩინური ვაქცინების ჩამოსვლამ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის გეგმას ხელი ძლიერ შეუწყო.
    "ცოტა ხნის წინ, მე და საქართველოს საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ხვთისიაშვილი და გიორგი წოწკოლაური, ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის უსასყიდლო დახმარების სახით გადმოცემულ კოვიდ-19-ის ვაქცინას აეროპორტში დავხვდით. ბოლო ერთ თვეში ჩინეთმა ეს უკვე მეორედ მიაწოდა ქართულ მხარეს კოვიდ-19-ის ვაქცინა. ჩინური ვაქცინების ჩამოსვლამ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის გეგმას ხელი ძლიერ შეუწყო. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჩინური ვაქცინები ფართო პოპულარობით სარგებლობს. მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსნები ვაქცინის საჯაროდ გაკეთებით საზოგადოებას მაგალითს აძლევენ, მოსახლეობაც აქტიურად რეგისტრირდება, რაც საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან ჩინური ვაქცინების მიმართ სანდოობაზე მეტყველებს.  
    ეპიდემიის დასაწყისში, ჩინეთმა საკითხი მეცნიერულად შეაფასა და ვაქცინების კვლევა და განვითარება დაიწყო. ჩინეთი ვაქცინების კვლევის, შემუშავების და გამოყენების მხრივ ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებდა. ჩინეთის მთავრობა ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას მუდამ პირველ ადგილზე აყენებს, სამეცნიერო ცოდნის პოპულარიზებითა და პროპაგანდით, ხალხს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამჟამად, ჩინეთში უკვე 500 მილიონი ადამიანი არის აცრილი. ამავდროულად, ჩინეთი მხარს უჭერს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოებისა“ და „საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის“ კონცეფციებს, ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობას და მათ შორის, ვაქცინების კუთხით თანამშრომლობას აქტიურად უწყობს ხელს, მზად არის ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში ჩინური წვლილის გასაღებად. ვაქცინების დამტკიცებისა და გამოყენების დაწყების შემდეგ, ჩინეთმა ქვეყნებისთვის მიწოდება მალევე დაიწყო და ვაქცინის, როგორც გლობალური საზოგადოებრივი პროდუქტის ხელმისწავდომობის თაობაზე დადებულ პირობას პირნათლად ასრულებს. მსოფლიოში ვაქცინების არასაკმარისი წარმოების და სერიოზული არათანაბარი განაწილების ფონზე, ჩინეთმა, როგორც დიდმა სახელმწიფომ, პასუხისმგებლობა იკისრა და ვაქცინების სამართლიან განაწილებას აქტიურად უწყობს ხელს. ჩინეთში წარმოებული ვაქცინების თითქმის ნახევარი უცხო ქვეყნებს მიეწოდება და განვითარებად და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ამ ვაქცინის არჩევით ისეთი უპირატესობებით შეუძლიათ ისარგებლონ, როგორიცაა მარტივი შენახვა და ტრანსპორტირება და მაღალი უსაფრთხოება.
    21 მაისს, პრეზიდენტი სი ძინფინგი გლობალური ჯანდაცვის ფორუმში ვიდეოს საშუალებით ჩაერთო და მონაწილეებს მნიშვნელოვანი სიტყვით მიმართა. გლობალური პანდემიის დაძლევასთან დაკავშირებით მან ხუთი რეკომენდაცია წამოაყენა: ხალხი და სიცოცხლე უპირველეს ყოვლისა; მეცნიერული პოლიტიკის გატარება და სისტემური რეაგირება; სირთულეების დროს ერთმანეთის დახმარება, ძალების გაერთიანება და თანამშრომლობა; სამართლიანობა და გონივრულობა, ვაქცინების განაწილებაში არსებული „უფსკრულის დაპატარავება“; როგორც შედეგების, ისე მიზეზების გამოსწორება და მმართველობის სისტემის დახვეწა. პრეზიდენტმა სიმ ხაზი გაუსვა „ვაქცინების ნაციონალიზმზე“ უარის თქმის, ვაქცინების წარმოების მოცულობის ზრდისა და განაწილების საკითხის მოგვარების, განვითარებად ქვეყნებში ხელმისაწვდომობისა და პასუხისმგებლობის ზრდის აუცილებლობას. ვაქცინების მწარმოებელმა ქვეყნებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და გადაუდებელი საჭიროების მქონე განვითარებად ქვეყნებს მეტი ვაქცინა მიაწოდონ.
    პრეზიდენტმა სი ძინფინგმა განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში გლობალური სოლიდარობის მხარდასაჭერად, ჩინეთი მომდევნო 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო დახმარების სახით კიდევ 3 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, რაც განვითარებად ქვეყნებში ეპიდემიასთან ბრძოლასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აღდგენას მოხმარდება; ჩინეთმა უკვე ვაქცინების 300 მილიონი დოზა მიაწოდა მსოფლიოს და ყველაფერს გააკეთებს, უფრო მეტი ვაქცინის მისაწოდებლად; ჩინეთი მხარს უჭერს ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს განვითარებადი ქვეყნებისთვის ტექნოლოგიების გადაცემასა და ვაქცინების წარმოებაში თანამშრომლობის განხორციელებაში; ჩინეთმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს კოვიდ-19-ის ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისგან გათავისუფლებას და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს ამის შესახებ გადაწყვეტილების მალე მიღებაში დაეხმარება; ჩინეთი ვაქცინების საკითხზე თანამშრომლობის საერთაშორისო ფორუმის შექმნის ინიციატივით გამოდის, სადაც ვაქცინების მწარმოებელი ქვეყნები, კომპანიები და დაინტერესებული მხარეები მსოფლიოში ვაქცინების სამართლიანი და გონივრული განაწილების ხელშეწყობას განიხილავენ.
    რეალობამ დაგვანახა, რომ ეპიდემიის წინაშე ყველა ქვეყნის ბედი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და მასთან მარტო გამკლავებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. ეპიდემიის დროულად დაძლევა და ეკონომიკური ზრდის აღდგენა - საერთაშორისო საზოგადოების პრიორიტეტული ამოცანაა. ვაქცინები ეპიდემიის დამარცხების იარაღია. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა ქვეყანა პასუხისმგებელია და ვაქცინებით სარგებლობა ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს. პრეზიდენტ სის გამოსვლა ეპიდემიის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ამჟამინდელ საჭიროებებს შეესაბამება, "საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის" შექმნის შესახებ ჩინეთის გადაწყვეტილებას ასახავს, განვითარებადი ქვეყნების საერთო ინტერესების დაცვის შესახებ ჩინეთის სამართლიან პოზიციას აჩვენებს და განვითარებად ქვეყნებში ეპიდემიასთან ბრძოლის შესაძლებლობებსა და ნდობას მნიშვნელოვნად ზრდის.
    ჩინეთ-საქართველოს შორის ვაქცინების კუთხით თანამშრომლობის დაწყება არა მარტო ორმხრივი ურთიერთობებისა და ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, არამედ ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და კაცობრიობის მიერ ეპიდემიაზე გამარჯვების საქმეში აქტიურ როლს შეასრულებს. ჩინური მხარე მზადაა ქართულ მხარესთან მჭიდრო კომუნიკაციის გასაგრძელებლად, ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის და მათ შორის, ვაქცინების კუთხით თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რათა ერთმანეთთან მხარში დგომით, რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ ეპიდემია, ხელი შევუწყოთ მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობასა და ზრდას და მეტი წვლილი შევიტანოთ „საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის“ შესაქმნელად", - წერს ჩინეთის ელჩი.

    FACEBOOK კომენტარები