საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა შეხვედრისას აშშ-ისა და საქართველოს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი განიხილეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის - თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით.

ილია დარჩიაშვილი კელი დეგნანს შეხვდა
14-05-2022 15:12